მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმრად არ აღიქვამს

პარლამენტარი რატი იონათამიშვილი Pia.ge

ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა 'ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

„ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას, როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს.

„ნაციონალური მოძრაობა" გაფორმდა საქართველოში როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული. ფაქტია, ისინი ყოველ ჯერზე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს და დასავლეთთან ინტეგრაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის რუსული ჰიბრიდული ძალა და გულწრფელად რომ გითხრათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოაწერენ თუ არა ისინი ამ დოკუმენტს ხელს, ისინი დარჩებიან არაკონსტრუქციული, დესტრუქციული და რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად საქართველოში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შესახებ იმსჯელებს.

პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს. ის რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში იხდის სასჯელს.