მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატი იონათამიშვილი: ფაკულტატორული ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შშმ პირთა უფლებები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა  „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს, -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტის მნიშვნელობაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განცხადება გააკეთა.

„ამ დოკუმენტების გაეროში დამტკიცების დღიდან, შშმ პირები აქტიურად ვიბრძოდით, ვმუშაობდით იმისთვის, რომ ეს დღე საქართველოშიც დამდგარიყო. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ერთსულოვანი პოზიცია გვაქვს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, შშმ პირებს, მათ წარმომადგენლებს და ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ასევე შშმ პირებისა და ამ თემის წარმომადგენლებისთვის.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატორული ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და რაც მთავარია, ადვოკატირების ინდივიდუალური მექანიზმები.

ფაკულტატორული ოქმის გაზიარებით ჩვენ გადავდივართ შშმ პირთა პოლიტიკის ახალ ეტაპზე და ამით სრულდება კონვენციით აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების სრულფასოვანი რატიფიცირების პროცესი.

საერთაშორისო ვალდებულებებისა და ადვოკატირების გარდა ოქმის ძალაში შესვლა ჩვენ ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს და კარს გვიხსნის არაერთი მიმართულებით.

კერძოდ, მივიღოთ უფრო მეტი საგარეო მხარდაჭერა, დამატებით მოვიზიდოთ ახალი გრანტები და გავაძლიეროთ როგორც შშმ პირები, ასევე მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები.

ეს ოქმი ნამდვილად არის შშმ პირთა თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ყოვლისმომცველი და მაღალი სტანდარტის ოფიციალური დოკუმენტი, ამიტომ მნიშვნელოვანი ჩვენ მოვახდინოთ მისი გაზიარება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ ჩვენი შშმ პირების წინაშე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.