მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს არჩევნების წარმატებულად ჩატარებისთვის სამხრეთ კორეის გამოცდილება გაიზიაროს

ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, არჩევნები წარმატებულად რომ ჩატარდეს ამისთვის სამხრეთ კორეას მიბაძოს და მისი მაგალითი აიღოს.

სააკაშვილის თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს.

„მინდა ამ არჩევნებს შევეხო. ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს. გადადოს არჩევნები და მიიღოს პრაქტიკულად ნული ხმები. ეს მათთვის ძალიან ცუდი სცენარია ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით.

ყველა ციფრი, ყველა განწყობა მიუთითებს იმაზე რომ არჩევნები წაგებული აქვთ. ამას წყალი არ გაუვა როგორც არ უნდა იკლაკნებოდნენ და რა არგუმენტებიც არ უნდა მოჰყავდეთ. ამაში ვარ დარწმუნებული. ახლა საუბარია კარგ სცენარზე, მსუბუქ სცენარზე მათთვის და ძალიან ცუდ სცენარზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველანი ქართველები ვართ, არ ვუსურვებ მათ ძალიან ცუდ სცენარს. ახლა ისინი იყენებენ კოვიდინფექციას“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ამომრჩეველს ნების უსაფრთხოდ გამოხატვის საშუალება უნდა მისცეს.

„არსებობს ქვეყანა სამხრეთ კორეა, თუ როგორ ჩაატარა ძალიან წარმატებულად არჩევნები კოვიდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დროს. მათ ყველგან დაარიგეს ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები, ნიღბები, იცავდნენ სოციალურ დისტანციას. ერთი სიტყვით კარგად შეისწავლეთ სამხრეთ კორეის გამოცდილება.

თქვენთვის უკეთესია, მიეცით ხალხს საშუალება უსაფრთხოდ გამოხატოს ნება. ძალიან უსაფრთხოდ შეიძლება ამის გაკეთება, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება. როგორც ბათუმმა დაგანახათ, ხალხი მაინც მოვა არჩევნებზე, ოღონდ იმისათვის, რომ ეს ხალხი უკეთესად მოგეპყროთ, ნუ ჩააგდებთ მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ. ჩემი რჩევაა დაგუგლოთ, ბოლოს და ბოლოს საელჩოც გვაქვს სეულში ჩემს მიერ გახსნილი, დაუკავშირდით, აიღეთ გამოცდილება და გავაკეთოთ როგორც არის საუკეთესო მაგალითები. არჩევნები საქართველოში ჩატარდება, დემოკრატია გაიმარჯვებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ძალაუფლებას“, - აცხადებს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.