მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გმობს

ფასადი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს მადლობას უხდის და მათ მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ კომენტარებს გმობს.

„მიგვაჩნია, რომ სწორედ მათ კეთილსინდისიერ საქმიანობას და პროფესიონალიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და გვეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღმშენებლობასა და საქართველოს კეთილმეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა. ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქარათველოს მრავალი წლის განმალობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან.მათ შორის გახლავთ გერმანია, რომელთანაც გვაკავშირებს მაღალი დონის პარტნიორობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა. გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე, ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და ყოველწლიურად მყარდება ჩვენი ქვეყნის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში როგორიც არის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცალკე გამოყოფს გერმანიის ელჩის შემთხვევას და მის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მეგობარი ქვეყნის - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს. ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგებელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს. მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით. ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.“ - აცხადებენ სამინისტროში.