მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფასადი

„2021 წლის 20 თებერვალს რუსულენოვან მედიაში (vestikavkaza.ru) გავრცელდა სტატია სათაურით „ზალკალიანი: საქართველო მზადაა 3+3 ფორმატში მონაწილეობისთვის“. მომდევნო დღეებში აღნიშნული სტატია უცვლელი სახით გავრცელდა სხვა რუსულენოვან პლატფორმებზე, რაც რუსული დეზინფორმაციის დამახასიათებელ მეთოდს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, რუსული მედია დავით ზალკალიანის განცხადების მცდარ ინტერპრეტაციას ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონში არსებული ვითარება რთულია, სხვადასხვა სახის პლატფორმების შემოთავაზება ხორციელდება, მაგალითად, 3+3 და 3+2 და ა.შ. პირველ რიგში მსგავსი საკითხები სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის (იგულისხმება აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) გადასაწყვეტია და საჭიროა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა მინისტრისვე განცხადებით, ვიდრე არ იქნება გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით, ნებისმიერ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება რთულად წარმოსადგენია.

„მთავარია რომ ჩვენ ჩვენი როლი, ჩვენი ფუნქცია არ დავკარგოთ აქ და დავინახოთ შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, არა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და ქვეყანასთან რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიები, იმასთან რაღაც საერთო პლატფორმებში რაღაც საკითხების განხილვა რთულად წარმომიდგენია, სანამ არ იქნება მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, თუნდაც რომ განვიხილოთ, რაღაც კონკრეტული დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რომ განხილვა მაინც მოხდეს ამ შემოთავაზებული პლატფორმების,“ აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

რუსულენოვანი მედია კი ამ დროს ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის მცდარ ინტერპრეტაციას, სადაც თითქოს დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 3+3, 3+2 პლატფორმების თაობაზე და რომ საქართველომ მზაობა გამოაცხადა განიხილოს ეს საკითხი აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო მინისტრებთან.

აღნიშნული ინფორმაცია სრულად აცდენილია კონტექსტს და არ შეესაბამება მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გაჟღერებულ გზავნილებს. მსგავსი სტატიები ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებასა და საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს ნეგატიურ პოზიციონირება“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.