მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო უწყება უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები ღამეს ვარშავის აეროპორტში ათენებენ

ფასადი

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესისი ფარგლებში, დღეს სრულდება ვარშავა-თბილისის რეისი, რომელიც, საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის შემდეგ რიგით მეხუთეა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფრენები ხორციელდება ქართული და პოლონური მხარის თანამშრონლობით და წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას, მას შემდეგ რაც პოლონეთმა დაკეატა საჰაერო სივრცე საერთაშორისო ფრენებისთვის. საერთო ჯამში, პანდემიის გავრცელების შემდგომ, აღნიშნული რეისებით ისარგებლა და პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა 600-მდე საქართველოს მოქალაქე.

"ბუნებრივია, პოლონეთში კვლავ რჩებიან მოქალაქეების ნაწილი, ვინც ვერ მოახერხა სამშობლოში გამომგზავრება. მათთან საქართველოს საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს კომუნიკაციას. მათ შორის, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ღამეს სისტემატიურად ათენებს ვარშავის აეროპორტში. საელჩოში შემოსული ყველა შეტყობინება მსგავსი შემთხვევების შესახებ არ დარჩენილა რეაგირების გარეშე და ყველა მათგანი გადაყვანილია საელჩოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში. ამ დროისთვის საელჩო მფარველობს ასეთი კატეგორიის 300-მდე მოქალაქეს და აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა მათი ყველა ყოფითი პრობლემა დარეგულირდეს დროულად მათი სამშობლოში გამგზავრებამდე", - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება პოლონეთის ავიახაზების მხრიდან, ბოინგის ტიპის თვითმფრინავის გამოყოფის შესაძლებლობას, საქართველოში მგზავრთა დიდი ნაკადის გადასაყვანად, ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს მათი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ამ ფრენების ყველა პარამეტრი და კონფიგურაცია განსაზღვრულია პოლონური მხარის მიერ.

"ასევე გვსურს კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომ საკორდინაციო საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად. ავიაკომპანია ასევე არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი ბოინგის ტიპის თვითმფრინავის გამოყოფაზე, თანხმობას ქართული მხარისგან ელოდება. ქართული მხარე გამოხატავს მადლიერებას პოლონეთის ხელისუფლებისადმი, რათა აღნიშნული სპეციალური რეისების ფარგლებში საქართველოს მოქალაქებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ. სამწუხაროდ, პოლონეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის არამართლზომიერი ქმედება აზიანებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამშობლოში მათ დაბრუნებაზე. მსგავს ფაქტს სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა გუშინ, სწორედ იმ თავშესაფარში, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით მოძიებულია ჩვენი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, როდესაც საქართველოს მოქალაქემ შეურაცყოფა მიაყენა პოლონეთის პოლიციის ოფიცერს. საქართველოს საელჩო, ბუნებრივია განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას, თუმცა სამწუხაროდ მსგავსი ფაქტებს ხშირად აქვს ადგილი და ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს დაემორჩილონ ადგილობრივ კანონმდებლობას და გამკაცრებულ საკარანტინო რეჟიმს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნების პროცეს და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი რეისების განხორციელებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ვარშავიდან საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ.