მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ფასადი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზვიდვებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ICAO-ს წესებთან.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში, სამწუხაროდ კვლავ გრძელდება სპეკულაციები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დაკეტილი აქვს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის და აღნიშნულის შესახებ საჯაროდაც განვაცხადეთ. რაც შეეხება სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ფრენებს, ამ მიმართულებით საქართველო პირნათლად ასრულებს თავის საერთაშირისო ვალდებულებებს.

ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ასეთი ტიპის ფრენები არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვებს და სამოქალაქო ტიპის ფრენები საჰაერო სივრცეში ხორციელდება შეტყობინების და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე.

შესაბამისად, საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ICAO-ს წესებთან.

საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ფრენების სხვა დანიშნულებით გამოყენებისგან თავის არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, როგორც ტვირთის მიმღებ ქვეყნებს, ასევე, გამგზავნებს, საჰაერო გზით სამოქალაქო და ჰუმანიტარული ტვირთის გადატანისას მკაცრად გააკონტროლონ აღნიშნული გადაზიდვები.

პირველ რიგში, გადამზიდავი ქვეყნების პასუხისმგებლობაა სამოქალაქო ფრენები ხორციელდებოდეს ჩიკაგოს კონვენციის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც კრძალავს სამოქალაქო ფრენების მიზანმიმართულად გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის.

დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს მკაცრ რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აცხადებენ უწყებაში.