მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის მხარეს მოუწოდებს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს 

სამინისტრო საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც წესი თავს იკავებს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტირებისაგან, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეები აფიქსირებენ პოზიციებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, მათი განხილვა ან მით უმეტეს მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდეო-ტელე კონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრეს-რელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც შესაძლოა ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საუბრისას არ განხილულა კორონავირუსის ვაქცინის საკითხი, ისევე როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები.

მათი თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.

„მით უმეტეს არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი.

შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს.
აღვნიშნავთ ასევე, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ, დაგეგმილია 10-11 დეკემბერს“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🛑 აბაშიძე: რუსეთის მხარემ აღნიშნა, რომ საჭიროა შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები

🛑 აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა