მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ევროსაბჭო

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი იქნება. დელეგატებს სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიმართავს.

მათივე ცნობით, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დაემსს, გენერალურ მდივან მარია პეიჩნოვიჩ ბურიჩს, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ დუნია მიატოვიჩს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და კომისიის მდივან სიმონა მენგინი-გრანატას, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კლეფერს შეხვდება.

„2020 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია გამართავს პირველ ვიზიტს, ზამთრის სესიაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო მისიის ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“, – განაცხადა სტრასბურგში გამგზავრებამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია.