მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირ ,,CPMR“-ის წევრი გახდა

საზღვაო რეგიონების კავშირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი გახდა. ,,CPMR“ საზღვაო რეგიონების კავშირს წარმოადგენს, რომელიც  24 ქვეყნის 150 რეგიონს და 200 მლნ მოქალაქეს აერთიანებს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნული პლატფორმა 1973 წელს შეიქმნა, რომელიც ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამეზობლო და საზღვაო პოლიტიკა. 

,,CPMR“ არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში.

,,აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რაც მოგვცემს მეტ შესაძლებლობას ,,CPMR“-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. გვაქვს შესაძლებლობა, ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმძღვანელობით დაფუძნებულ „ინოვაციურ პარტნიორობა“-ში ჩართვის, საზღვაო საქმიანობის, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და „ლურჯი ეკონომიკის“ გაღრმავების საკითხებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიანობას და განვითარების დონეს“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერილიამ.

ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (BSEC), ,,შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან“ (ICBSS) და ,,საზღვაო ინსტიტუტების შავი ზღვის ასოციაციასთან“ (BSAMI).

ორგანიზაციის წევრები არის საფრანგეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ესტონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების საზღვაო რეგიონები.