მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სესიაშვილი: საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს პრაქტიკას მაღალ შეფასებას აძლევს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან 2019

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვაშინგტონი შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი“ გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს.

"მართლაც საამაყოა, რომ საერთაშორისო მედია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს პრაქტიკას კორონავირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით და ეს ყველას, რა თქმა უნდა, გვახარებს", - აღნიშნა სესიაშვილმა.

სესიაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ძალიან მაღალი კოორდინაციის პირობებში მოქმედებენ, მათ შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, რისთვისაც კიდევ ერთხელ უხდის მადლობას როგორც მათ, ასევე ექიმებს.

„კიდევ ერთხელ მათ მოვუწოდებ, რომ ეს ბრძოლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ და მთავარი ამოცანა დღეს არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და, მეორე მხრივ, პოსტეპიდემიურ სიტუაციაში საქართველოს შესაძლებლობების შენარჩუნება, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ამ კრიზისიდან და მოახდინოს სწრაფი განვითარება. აქვე მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს პრაქტიკას მართლაც რომ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი გამხნევებისთვის, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ისევე როგორც მომავალში კრიზისული შედეგების დაძლევის პროცესში. რაც მთავარია, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით და ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვთხოვო, გავიაზროთ, რომ ეს არის ბრძოლა, სადაც ყველა ვართ ჩართული და თანამონაწილე, მათ შორის სახლში ყოფნით. ვთხოვ ყველას, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, დავიცვათ წესები, მოთხოვნები, რომელსაც მთავრობა, შესაბამისი ორგანოები გვაძლევენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.