მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: ველოდებით, რომ „სამართლიანი არჩევნები“ იმ უბნების და ოქმების სიას გაასაჯაროვებს, რომელთა მიმართაც პრეტენზია აქვს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

„ჩვენ „სამართლიან არჩევნებს“ მოვუწოდებდით სამი თვის განმავლობაში, გამოვიდნენ და თქვან ყველაფერი - მათ შორის, წარმოადგინონ სია იმ უბნებისა, რომლებზეც მათ პარალელური დათვლა ჩაატარეს, რომლების მიმართაც მათ პრეტენზია აქვთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს შეესაბამება „სამართლიანი არჩევნების“, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კეთილსინდისიერების ვალდებულებას.

„მოველით, რომ ეს სია გასაჯაროვდება“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებების მიღება ხდება, სანდო იყოს.

პარლამენტის წევრმა განაცხადა ისიც, რომ არჩევნების შემდეგ გასული სამი თვის განმავლობაში, იყო ე.წ. მტკიცებულებების კასკადი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გაბათილდა.

„ვნახეთ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც თავად „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ იყო მცდარი და საბოლოო ჯამში, შეასწორა ეს შედეგები, და ასევე ვნახეთ 29 იანვარს „სამართლიანი არჩევნების“ პრესკონფერენცია, რომელზეც მათ დაადასტურეს, რომ მათი მეორე მიგნება, რომელიც ეხებოდა უბნების 8%-ზე დისბალანსს, რომელსაც შეეძლო 4%-იანი გავლენა მოეხდინა შედეგებზე, ესეც აღმოჩნდა, რომ იყო მცდარი და მას შემდეგ, რაც მათ გაითვალისწინეს შესწორების ოქმები, მათი შედეგები დაემთხვა ცესკოს შედეგებს, და არის არა 8%, არამედ 0,5% უბნებისა, ხოლო რაც შეეხება 4%-იან გავლენას შედეგზე - ეს პრეტენზია მათ საერთოდ მოხსნეს.

თუმცა, იმავე პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ ამ შესწორების ოქმების მიმართ აქვთ პრეტენზია და ამავე დროს, მიუხედავად ჩვენი მრავალი მოწოდებისა ამ სამი თვის განმავლობაში და მათ შორის, გუშინ, სპეციალურად მივუძღვენით ამ საკითხს ბრიფინგი, რომ გაასაჯაროვონ, კონკრეტულად რომელი ოქმების და რომელი უბნების მიმართ აქვთ მათ პრეტენზია.

ისინი კვლავ უარს აცხადებენ, როგორც ჩანს, ამ უბნების გასაჯაროვებაზე. ჩვენ ვნახეთ გუშინ ცესკოს განცხადებაც, რომ მათ მიმართეს „სამართლიან არჩევნებს“, რომ მიეწოდებინათ სია იმ უბნების და ოქმების, რომლებზეც მათ აქვთ პრეტენზია და მათ უარი მიიღეს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შევხვდეთ და პირადად მოვისმინოთ მათგან ეს სია, თუმცა, ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ეს სამთვიანი დეზინფორმაციის კამპანია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით დამყარებული იყო, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებთან, მათ აქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშეც, რომ საბოლოოდ გაამჟღავნონ ის სიმართლე, რომელიც მათ აქვთ, არაფერი არ დაუმალონ საზოგადოებას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ამ ეტაპზე 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავს იკავებს.

შეგახსნებეთ, დღეს საგაზაფხულო სესიის სხდომა გაიხსნა. პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით

👉 „პარლამენტში იმ ძველი ტელეფონით მოვედი, რომელიც გამოცხადებული მქონდა“