მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეთანხმება ბევრს ნიშნავს, რადგან საზოგადოება გადაღლილი იყო პოლარიზაციითა და დაპირისპირებით“ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება ბევრს ნიშნავს, რადგან საზოგადოება დაპირისპირებითა და პოლარიზაციით გადაღლილი იყო.

სალომე ზურაბიშვილმა გაწეული დახმარებისთვის და მედიაციისთვის შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ ძალისხმევისთვის, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. დილიდან ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება. ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება ნამდვილად იყო გადაღლილი, დაძაბული პოლარიზაციითა და დაპირისპირებით.

დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ მისთვის ეს გამარჯვების დღეა. პოლიტიკურმა შეთანხმებამ გამოიტანა უკვე შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ რიგში პარლამენტის გაძლიერება, რადგან დღევანდელი დღიდან მრავალპარტიული პარლამენტია. ის ადგილი და უფლებები, რაც ენიჭება დღეს ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან. ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები.

ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ და საერთაშორისო სივრცეში. ამდენად, ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, ნდობას და იმ პატივისცემას, რომლის გარეშე პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. მეტიც შეუძლია გააკეთოს თუ საჭირო გახდება და იმედი მაქვს, რომ არ იქნება საჭირო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, საზოგადოების სურვილი მომავალში იქნება ის, რომ მსგავს საკითხზე აღარ შეწუხდეს ევროკავშირის და პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„საზოგადოების სურვილიც ეს იქნება, რომ აღარ იყოს საჭირო თქვენი შეწუხება. ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები, საფუძველი ედება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას - სასამართლო და საარჩევნო სისტემა. ორივე ქვაკუთხედია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობისთვის.

ის, რაც მოხდება მომავალ კვირებში, თვეებში რაც შეიძლება სწრაფად ნიშნავს, რომ ჩვენ ამ რეფორმების მიღებით, რომელიც არის ამ შეთანხმების დოკუმენტში მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო და საარჩევნო სისტემას. არანაკლებია შედეგია ამ შეთანხმების ჩვენი საგარეო პოლიტიკის კუთხით, ეს შეთანხმება ასახავს უკვე ძალიან მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირის, ევროპული კავშირის თავმჯდომარის ჩართულობა, ყველა ძალით, მსგავსი ფაქტი უპრეცედენტოა. ეს თავისთავად არის მანიშნებელი თუ რა სიახლოვე არსებობს საქართველოს და ევროკავშირს შორის.

უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს იწყება ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპი. საჭირო იყო, რომ ამისთვის გზა გახსნილიყო და ეს გზა გაიხსნა. ძალიან კონკრეტულად და აქტიურად დავიწყეთ საუბარი იმის შესახებ თუ რას ნიშნავს ეს ახალი ეტაპი, ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურად ეკონომიკაში თანამშრომლობას, ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამშრომლობა, ეს არის ჩვენი ერთობლივი მომავალი. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შევუდგებით ამ კონკრეტულ ამოცანას ძალიან მალე და სწრაფად. ჩვენ ავსახავთ ნამდვილ სამოქმედო გეგმას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვია, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტიკოსებს შეხვდება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხვალ დატოვებს.

ამავე თემაზე:

✔️ შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, პოლიტიკური ჩართულობა კი მდგრადი გახდა

✔️ კალიურანდი: ვულოცავ ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკოსს, ვინც ქართველ ხალხს მოუსმინა