მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეთანხმებაში მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე“ - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში

„კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. გასულ კვირაში, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია არ იყო მზად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. როგორ დასრულდება ეს პროცესი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ აქ მიღწეული შედეგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სწორ გზაზე დააბრუნებს“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.  

მისი თქმით, მედიატორები მმართველი გუნდისა და ოპოზიციისგან ერთმანეთის მოსმენის სურვილს ხედავენ, რაც დიპლომატებზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს.

„ვცდილობთ, მათ მოახერხონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება. მათ აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ მხარეებს აქვთ ერთმანეთის მოსმენის სურვილი, მსჯელობენ პრობლემატურ საკითხებსა და პრიორიტეტებზე, განიხილავენ შესაძლო კომპრომისების გზებს. არც შეთავაზებების ნაკლებობა შეინიშნება, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა, რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ ამ განსხვავებულ პოზიციებზე“, – განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიიღებენ.

„მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი არ არიან არჩეული წარმომადგენლები და არ მონაწილეობენ ამ დიალოგში. ამ მოლაპარაკებების შედეგიც უნდა იყოს გადაწყვეტილება,რომელიც მიღებულია ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. იმედია, რომ ამ გადაწყვეტილებაში იქნება წარმოდგენილი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი“, – განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი, მიმდინარე კვირაში, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის დაბრუნების შემდეგ განახლდება.