მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრის მოადგილე სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგის გახსნას დაესწრო

შეხვედრა სექსუალური შევიწროების საკითხებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი სექსუალური შევიწროების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგის გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნინო ცაციაშვილმა საზოგადოებრივ ადგილას სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისას სამართალდამცველთა როლზე და ამ მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მხარდაჭერით ხორციელდება. სწავლების მიზანია სექსუალურ შევიწროებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების თემაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

ტრენინგ-მოდულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები 200-მდე პატრულ-ინსპექტორს გადაამზადებენ.

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ პოლიციელთათვის სექსუალური შევიწროების თემაზე შემუშავებულია სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც მათ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოკვეთასა და სათანადო რეაგირებაში ეხმარება.