მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიტყვა „შეშფოთებას“ თუ ვხმარობთ, შეშფოთება საჭიროა და ნამდვილად ვიზიარებთ ამ შეშფოთების ყველა მიზეზს“- გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების  მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.

„ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ. მათ არ შეუცვლიათ პოზიციები კაპიტოლიუმზე შეტევის დროს და ტრამპის იმპიჩმენტი დააყენეს დღის წესრიგში. როცა რეალობაზე ვსაუბრობთ, სახელმძღვანელოდ უნდა მივიღოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება.

ეს არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და ამ ვითარებიდან გამოსვლის გზებზე, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებზე ვიმსჯელოთ.

სიტყვა „შეშფოთებას“ თუ ვხმარობთ, შეშფოთება საჭიროა და ნამდვილად ვიზიარებთ ამ შეშფოთების ყველა მიზეზს, განსაკუთრებით, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერსპექტივას მაშინ, როცა შეიძლება კრიზისიდან უკეთესი შედეგებით გამოვიდეთ.

ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.

რასაკვირველია, ჩვენ მიმართ მოთხოვნები პრინციპული, საკმაოდ მკაფიო და ზოგ შემთხვევაში მწვავეც არის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას თუ განაგრძობს, არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა, მათ შორის საკუთარ მომხრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შემდეგ აუცილებელია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების პროცესი, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, გაგრძელდეს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება შედგეს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️არჩილ თალაკვაძე: მე ვურჩევ ოპოზიციას დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს

✔️გია ვოლსკი: ოპოზიციისგან ისმის ულტიმატუმი და არა შეთავაზება

✔️ოპოზიციონერები „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში იკრიბებიან