მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი: 20 ივნისის მოვლენებმა დააზიანა ქვეყანაში უსაფრთხოების გარემო

Search Results Web result with site links  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ 2019 წლის ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანხმლები შედეგები.

უწყების თქმით, აღნიშნულმა დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო.

"აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის "მიღებულ ნორმად" დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის", - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკონომიკურ პროცესებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ჩარევის პრევენცია წარმოადგენს.

"საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფოების მიერ ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების, მათ შორის, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირების მცდელობები და შესაძლო საფრთხეები.

სამსახურის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ ან/და დაგეგმილ ეკონომიკურ ურთიერთობებში შესაძლო საფრთხეების გამოკვეთა და მათი შემცირებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

2019 წელს, ეკონომიკური უსაფრთხოების ჭრილში, სამსახურის მიერ გაანალიზდა გასაფორმებელი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებები და პროტოკოლები, გამოვლინდა მათთან დაკავშირებული შესაძლო რისკები.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ აქტიურად ტარდებოდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები და აქტივობები.

სამსახურის შესაბამისი დანაყოფები განაგრძობდნენ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, მათ შორის, 2019 წელს აღკვეთილი იქნა რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტები", - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის თქმით, 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფარული მოქმედებების გარკვეულ ნაწილს კიბერშეტევები და კიბერსადაზვერვო ოპერაციები წარმოადგენდა.

"განსაკუთრებით მასშტაბური იყო გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სამთავრობო და კერძო სტრუქტურების ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერთავდასხმა. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით.

კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. ნატო-ს მოწინააღმდეგე ძალები მიზნად ისახავდნენ შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოში ნატო-ს აქტივობების შეზღუდვას.

2019 წელს სამსახური აქტიურად განაგრძობდა მუშაობას საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიმართულებით და ახდენდა დაინტერესებული უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან თავდაცვის უწყების უსაფრთხოების დაცვას", - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის თქმით, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" და "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონების, ასევე სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად, სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აქტიურად ხორციელდებოდა სარეჟიმო ობიექტების კონტროლი.

"გასულ წელს 131 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება, ხოლო გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე 15 მათგანს ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა. ამასთან, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება განხორციელდა 119 ორგანიზაცია-დაწესებულებაში.

სამსახურის მიერ განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოების დაშვების მქონე იურიდიულ სუბიექტებთან დაკავშირებული 10 894 ფიზიკური პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემოწმების პროცედურა. 1 227 პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი.

საგამოძიებო ორგანოების და სხვა დანაყოფების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან და სამსახურებრივ შემოწმებებთან დაკავშირებით განხორციელდა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებისა და სხვა დოკუმენტური მასალების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან იდენტიფიცირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიგრაციის არხების მონიტორინგს. ოპერატიული საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მაღალია უცხო ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით ახერხებდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვდნენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვას", - აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ის ცნობით, გასულ წელს სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა 778 პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

"აღნიშნული პირების მიმართ შემდგომი რეაგირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს.

2019 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 13 საქმეზე, ქვემდებარეობით სხვა საგამოძიებო დანაყოფიდან დამატებით გადაეცა სისხლის სამართლის 1 საქმე. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 9 პირი.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

აღნიშნული დეპარტამენტების სტრუქტურული დანაყოფების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და პროკურატურაში გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ სისხლის სამართლის საქმეზე", - ნათქვამია ანგარიშში.