მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ტალიაშვილი: ზაზა გახელაძის უკანონო დატყვევება რუსეთის მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების უხეში დარღვევის ნათელი მაგალითია

საპატრლამენტო უმრავლესობის წევრი

„გასულ წელს, საოკუპაციო ძალამ დაჭრა და უკანონოდ, 12-ზე მეტი წლით დაატყვევა ზაზა გახელაძე - ეს ინციდენტი ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების უხეში დარღვევისა. ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მოვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას ახდენს და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

„აღნიშნული ისტორიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ წონას და ხმას მატებს ევროპული საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის სიცოცხლის და სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას, მათ შორის, აღნიშნულ ქართულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების კულტურულ იდენტობას“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პარლამენტის წევრმა კოლეგებს შეახსენა, რომ საოკუპაციო ძალამ დაჭრა და უკანონოდ დაატყვევა საქართველოს მოქალაქე - ზაზა გახელაძე და ეს ინციდენტი ნათელი მაგალითია, რომ რუსეთი ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ფუნდამენტური უფლებებსა და თავისუფლებას უხეშად არღვევს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეფექტურად მოახდინოს ზეწოლა ოკუპანტ ძალაზე, რათა ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა.

მინდა გავიხსენო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის შთამბეჭდავი სიტყვები - „მნიშვნელოვანია, ვიყოთ პრობლემის გადაწყვეტის მონაწილეები“. ევროპის საბჭოს სტრატეგიისათვის პრიორიტეტი სწორედ პრობლემების გადაწყვეტა უნდა იყოს.

ამრიგად, მჯერა, რომ ევროპის საბჭოს პრიორიტეტების ფარგლებში, ევროპის საბჭო ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და შეასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრისა და წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს.