მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის რაიონების გამგეობებს "ჯი თი გრუპმა“ მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი პროდუქტები და ავტომობილი გადასცა

კომპანია "ჯი თი გრუპიმ“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. დედაქალაქის მერი კახი კალაძე პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს, მოადგილე ილია ელოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც კამპანიაში არიან ჩართულები კახი კალაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება. ვეხმარებით ხანდაზმულებს და ყველას, ვისაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება. ამ ყველაფერში ჩართულია ბიზნესსექტორი, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. დღეს, „ჯი თი გრუპი“ იყო წარმოდგენილი, რომელმაც 1 000 ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტები მოიტანა, რომლის დარიგებას დღეიდან დავიწყებთ და ათივე რაიონში გადანაწილდება. ეს პროექტი გაგრძელდება და დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის მერიას  "ჯი თი მოტორსმა“ საჩუქრად ავტომანქანა გადასცა, რომლითაც საჭიროების მქონე მოქალაქეებს პროდუქცია დაურიგდებათ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

თბილისის მერიი ინფორმაციით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ.

აღნიშნული ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობს.