მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: კერძო ბიზნესს საშუალება არ უნდა მიეცეს, რომ ფეხმძიმე ქალი სამსახურში არ მიიღოს

პარლამენტის წევრი 2021

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტში შრომითი დისკრიმინაციის საკითხს ორი ნორმა არეგულირებს, რაც პრაქტიკაში ბევრ გაურკვევლობას გამოიწვევს.

მისი თქმით, საჭიროა, რომ ერთი კონკრეტული ნორმით განისაზღვროს, რა არის შრომითი დისკრიმინაცია დამსაქმებლის მხრიდან.

პარლამენტის წევრის თეა წულუკიანის განცხადებით, „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში არსებული ორივე ნორმა, რომელიც შრომით დისკრიმინაციას ეხება, აუცილებელია დარჩეს უცვლელი სახით, რათა დასაქმებულთა უფლებები ამ მხრივ სრულად იყოს დაცული.

„ამ ნორმის ამოშლა არის უზარმაზარი უკანგადადგმული ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში. ეს ეხება ძირითადად კერძო სექტორს, რადგან არც ერთი საჯარო დაწესებულება არ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს კერძო სექტორი მცირეწლოვანი ბავშვის დედის, ჰომოსექსუალის, ფეხმძიმე ქალის ან შშმ პირის მიმართ. ორი ნორმით, რომელთაგან ერთი უფრო კონკრეტულია, ხოლო მეორე ზოგადი, დასაქმებულს აქვს უფრო მეტი დაცულობა და ეს არ არის ტექნიკური ხარვეზი.

ბიზნესს ნამდვილად გაუხარდება ამას თუ წავშლით, მაგრამ მათ სხვანაირად უნდა შევუწყოთ ხელი რომ აყვავდნენ და არა ისე, რომ ფეხმძიმე ქალი არ მიუშვან სამსახურში, რადგან 9 თვეში მას დეკრეტული შვებულებისთვის ფული უნდა უხადონ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

👉 ინფორმაციისთვის, 4-5 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომები გაიმართება, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის, „საგადასახადო კოდექსის“ ცვლილებებისა და დელეგაციების დაკომპლექტების საკითხზე იქნება მსჯელობა.

👉 დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აგრეთვე განიხილება „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც.