მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიცე-პრემიერი: COVID-19-ის სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უფრო პოპულისტურია, ვიდრე რეალობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრიფინგი 2019

"ტესტირება, დაავადების ადრეული გამოვლენა, კარანტინში მოქცევა, ყველა ეს ზომა არის ნაწილი იმ საერთო გეგმისა და ღონისძიებების ერთობლიობისა, რომლის გატარებაც არის საჭირო ეპიდემიის მალე დასამარცხებლად", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხშირად ტესტები ერთგვარ პანაცეად და გადამწყვეტ ფაქტორად არის წარმოჩენილი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც  არასწორია.

"ტესტები არის ღონისძიებათა კომპლექსის ერთი ნაწილი  და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც იცით, არცერთ პაციენტს არ ჰქონია ტესტირების პრობლემა. არ გვქონია დიაგნოსტიკის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ რა მდგომარეობაა ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ქალბატონმა ეკამ მარნეულშიც ჩაიტანა ტესტების საჭირო რაოდენობა. ერთდროულად ეს ტესტები არ გვჭირდება, ტესტების შემოსვლა და მოსახლეობის ტესტირება ხდება პარალელურად გავრცელების დინამიკასთან ერთად.  არაერთხელ განგვიცხადებია, რომ შემოგვდის ტესტები ეტაპობრივად. ამ მიმართულებითაც არანაირი პრობლემის წინაშე არ ვართ და ეს აჟიოტაჟი ტესტებთან დაკავშირებით არის უფრო ხელოვნური და პოპულისტური ვიდრე რეალობა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დღეების განმავლობაში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 106 000 ათასი ადამიანის თერმო სკრინინგი ჩაუტარდა, ხოლო მათ  ვისაც დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა ჩაუტარდა ტესტირებაც.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 103 შემთხვევაა გამოვლენილი, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.