მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წულუკიანი: მავანს ალბათ გაეხარდებოდა გვამებით მოფენილი ზუგდიდის ტროტუარები 

ვიცეპრემიერი 2020 წელი

„დამნაშავის შეპყრობის პრიორიტეტს ათეულობით ადამიანის სიცოცხლეზე წინ არ დავაყენებდით“,- ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა 21 ოქტომბერს ზუგდიდში ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ სწორად იმოქმედა, როდესაც მძევლების სიცოცხლე გადაარჩინა. ამისთვის თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროს ავთანდილ გალდავას, რომლებმაც მძევლები ჩაანაცვლა და ყველა პოლიციელს.

„ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლის ღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებენ. ალბათ არ ჩამოშლილს მიიჩნევდნენ იმას, ღმერთმა დაგვიფაროს და ისეთ ზუგდიდში გაგვღვიძებოდა, სადაც ტროტუარები გვამებით იქნებოდა მოფენილი. ალბათ მავანისთვის ეს უფრო იქნებოდა სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ასე არ მოხდა. მიკვირს, ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩა.

რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა ყველას შეგახსენოთ ევროპული სტანდარტი, როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონრეტულად პოლიციელს აქვს არჩევანი - გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე. ადამიანის უფლებების სტანდარტი ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა, ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპონენტი სხვა სტანდარტის დაცვისკენ მოგვიწოდებს - თითქოს მთავარი უნდა ყოფილიყო დამნაშავის შეპყრობა, ვინც გარდაიცვლებოდა, რა ვქნათ მერე. ჩვენ ვართ ისეთი მთავრობა, ვისაც ეს არ მოსწონს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მან რამდენიმე მედიის წარმომადგენელი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გამოძიებას ხელი შეუშალა.

„შსს-ს მოწოდების მიუხედავად ზოგიერთმა მაინც გაავრცელა დამნაშავის შესახებ ინფორმაცია. თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დამნაშავე დააკავონ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.

თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია. შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.