მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება!“ - მამუკა ხაზარაძე

ლელო-საქართველოსთვის პრემიერობის კანდიდატი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური და სოციალური ვითარების შესახებ ვრცელ მიმართვას აქვეყნებს. 

მისი თქმით, არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტით ცხოვრების შედეგია.

„რატომ ვართ ამ დღეში?
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის ტყვეები ვართ... ვაყალბებთ არჩევნებს და ვებღაუჭებით ხელისუფლებას!

რატომ უჭირს ეკონომიკას?

მიტომ, რომ გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, არ არსებობს ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო. ქვეყანა ვერ გახდა მიზიდულობის ცენტრი...

რატომ გარბიან ქვეყნიდან ადამიანები?

იმიტომ, რომ არ მიეცათ განვითარების, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, არ მიეცათ ცოდნის შეძენის, ღირსეული სამუშაო ადგილის პოვნის და ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა.

რატომ არის, რომ ქვეყანა, რომელსაც ასეთი შესაძლებლობები აქვს, სხვა ქვეყანაში მოყვანილი პომიდვრითა და ხახვით იკვებება?

იმიტომ, რომ დღესაც სოფლის მეურნეობა თოხზე და ბარზეა აწყობილი... არ არსებობს არანაირი ნოუჰაუ, ტექნოლოგიური მიდგომები, სიახლეები და ახალი სისტემის შემოტანის და აწყობის სურვილი...“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, საქართველოში კანონი უზენაესი ღირებულება არ არის და ქვეყანა ორმაგი სტანდარტებით იმართება.

„რატომ ქრება ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური რუკიდან?
იმიტომ, რომ ყოველთვის ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობებს. დღეს, რომ ანაკლია გვქონოდა, გვექნებოდა მძლავრი პოზიციონირება რეგიონში. ვიქნებოდით სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი, კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის...

რატომ არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული?
იმიტომ, რომ ვერ ვცნობთ და არ ვებრძვით გარეთ მტერს და ვერ ვერთიანდებით შიგნით, არასდროს გვქონია ერთობლივი შეთანხმება, შერიგების გეგმა და აფხაზი და ოსი ძმებისთვის კონკრეტული შეთავაზება უკეთესი მომავლის შენების პერსპექტივით...

რატომ არის საზოგადოება გახლეჩილი?

იმიტომ, რომ არსებობს პრივილეგირებული ფენა, ორმაგი სტანდარტები და არ არსებობს კანონი, რომელიც თანაბარი იქნება ყველასთვის, რომელიც შექმნის თანასწორ გარემოს, არ წარმოქმნის სოციალურ უფრსკრულს, აგრესიას და უთანხმოებას...

რატომ იჩაგრებიან ადამიანები და რატომ ხდებიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლნი?

იმიტომ, რომ ქვეყანაში მოქმედებს არა დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება, არამედ ყველა ხელისუფლების მიერ მძევლად ქცეული და მასზე მიბმული, კლანური სასამართლო...“, - წერს „ლელოს“ ლიდერი.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარეებს შორის შერიგება იქნება.

„რატომ არის ქვეყანაში ამდენი მოშიმშილე ბავშვი?

იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენი შვილი არ იშიმშილებს, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ბავშვები რეალურად არსებობენ და რომ ეს არის უმთავრესი და უმოკლეს ვადაში გადასაწყვეტი პრობლემა!

რატომ არის ამდენი უმუშევარი?

იმიტომ, რომ არასდროს არ გვქონია ეკონომიკური განვითარების მძლავრი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით და განვახორციელებდით.

რატომ ვცხოვრობთ ტყუილში?

იმიტომ, რომ ტყუილი ნორმად იქცა, ხოლო მატყუარა და მოღალატე ადამიანების არსებობა პოლიტიკაში თუ სახელისუფლებო ვერტიკალში - ჩვეულ ამბად. იმიტომ, რომ მათთან თანავცხოვრობთ, ვეგუებით და ვემსგავსებით..! როგორც ოთარ ჭილაძე წერდა: „თუ გინდათ, რომ გადავრჩეთ, არ ჩამოართვათ ხელი გარეწრებს“.

როგორ გადავრჩეთ?

ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე! ქართული სული, ტრადიცია, კულტურა უნდა იყოს ყველა საქმის ამოსავალი წერტილი და საფუძველთა საფუძველი. უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს - დიდი ეროვნული შერიგება!“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.