მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ დიალოგი გავაგრძელოთ“ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი 2021

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ ჩვენი მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი“,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციები აქვს.

„მინდა განვაცხადო, რომ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული დღევანდელი ჩვენი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში. ვიმსჯელეთ იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება.

ასევე, მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები და, რა თქმა უნდა, მათ გავეცი პასუხი, ასევე, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, კონსულტაციები მექნება პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და რეკომენდაცია იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა სჭირდება ქვეყანას დღეს რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს.

ყველაზე მთავარი რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ეს არის ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდპანდემია, სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო ახლა კონცენტრირება და გაერთიანება. დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ ჩვენი მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გასაგებად ვუთხარით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია“ - ნათელაშვილი