მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაცია არის ხსნა და პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19 უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“ - ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე პლენარულ სხდომაზე

„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში და არ გვექნება ლეტალური შემთხვევების ზრდა“, - ამის შესახებ ლევან კობერიძემ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც ჯანდაცვის სექტორს მალე დაუდგება, ეს არის სეზონური გრიპების პერიოდის მოახლოება და კოვიდ 19-ის ვირუსთან მისი ზედდება, რაც შესაძლოა ჩვენი მოსახლეობის ძალიან მძიმე პრობლემად გადაიქცეს.

„ამ ვირუსებს ახასიათებს ერთნაირი სიმპტომატიკა, მსგავსი გამოვლინებები და შესაბამისად, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორში არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელია მოხდეს პაციენტების ნაკადების აღრევა, რამაც შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა ჯანდაცვის ექსპერტებთან, სადაც გამოითქვა მოსაზრებები და წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინების რაოდენობა, დაახლოებით 135 ათას ვაქცინამდე, რომელიც დღეს არის საქართველოში შემოტანილი, არანაირად არ არის საკმარისი ისეთი რისკ-ჯგუფების ვაქცინაციისთვის, როგორებიც არიან ექიმები, პედაგოგები, პოლიციის თანამშრომლები და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციის სახით მივმართოთ და შევთავაზოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იზრუნოს იმაზე, რომ დამატებით მოხდეს ქვეყანაში ერთი მხრივ, სეზონური გრიპის ვაქცინების შემოტანა და მეორე მხრივ, ახლავე დაიწყოს აქტიური აგიტაცია მოსახლეობასთან ამ ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან არის გარკვეული ეჭვი და მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ჯგუფები შეეცდებიან ვაქცინასთან დაკავშირებით დაიწყოს ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ეს „ბოროტებაა“ ადამიანებისთვის. პირიქით, ახლა ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქაღტველოში და არ გვექნება ლეტალური შემთხვევების ზრდა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.​