მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: სპეკულაცია, ვინ რამდენი წლისაა, უადგილოა და გიგა ბოკერიას ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებასაც გამოხატავს

გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წერი

„არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბროს“, - ასე გამოეხმაურა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვოლსკის დაპირისპირება სიმბოლური იქნება - საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის.

მისი თქმით, იმით სპეკულაცია თუ ვინ რამდენი წლისაა, უადგილოა.

„მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი, ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამოირჩეოდა ისევე, როგორც ახლა – სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით. არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბროს. მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, სწორედ ამ თაობისთვის ვამზადებდით პლატფორმას და გზას უკეთესი განათლებისთვის. ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამ ასპარეზზე მეტი ჰქონდეს გაკეთებული, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლისაა, უადგილოა და გამოხატავს თუნდაც გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ. ამ პოლიტიკურ გუნდს რაიმე სიკეთე არც ახალგაზრდებისთვის გაუკეთებია და არც ძველი საზოგადოებისთვის მიუხედავს, როცა უამრავ ადამიანს უჭირდა და სიკვდილის პირას იყო,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს. გიორგი ვოლსკი კი ამავე ოლქში, „ქართული ოცნების“ სახელით.

აღსანიშნავია, რომ „გირჩი“ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას არ აპირებდა, რადგან ისინი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს უჭერდნენ მხარს, თუმცა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დამოუკიდებლად წარადგინოს, „გირჩის“ გადაწყვეტილებაც გადაიხედა.

ამ ოლქში „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

პარტიის წევრმა, გიგა ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციები, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით, კვირის ბოლომდე დასრულდება.

„პირადად მე და „ევროპული საქართველო“ მას მხარს დავუჭერთ. დიდი იმედი მაქვს, სხვა პარტიებთან კონსულტაციები, კვირის ბოლომდე, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით დასრულდება. რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირება იქნება ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვოლსკის შორის - საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის. თუ მისი გამარჯვების მჯერა, შესაბამისად, ვოლსკის მარცხის მჯერა, მისი მარცხის საქართველოს მომავლის საჭიროებისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 დეპუტატი და 30 მაჟორიტარი იქნება.

თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია წარმოდგენილი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია შექმნილი.