მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი ევროკავშირის საზღვრების გახსნაზე: დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი

„დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ევროკავშირის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

ზალკალიანის თქმით, ოფიციალური გადაწყვეტილება ბრიუსელში სავარაუდოდ, ხვალ უნდა მიიღონ.

„ცნობილია, რომ ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ საუფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას და მთავრობას ჰქონდა და აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი რეგულაციები თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ეს იქნება მიღებული სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით. ამიტომ ჩვენ ველით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რეგულაციები. ველით, რომ დღეს ან მაქსიმუმ ხვალ, ბრიუსელში უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, საქართველოს სახმელეთო საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები

„ვრცელდება სხვადასხვა სპეკულაციები თითქოსდა არის თითქოს გამონაკლისები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს. საქართველოს სახმელეთო საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები“, - დასძინა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, გამოცემა „ლე მონდეს“ ინფორმაციით, ევროკომისიამ მესამე ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.