მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანმა ლიეტუვის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შეხვედრა ლიეტუვის ყოფილ ელჩთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელბს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს საქართველოსა და ლიეტუვის ურთიერთობების გამყარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის და პირადად ელჩის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

გიედრიუს პოუჯუნასმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, საქართველოში და ლიეტუვაში COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, რომ საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაში მოხვდა, რომელთაც ევროკავშირმა საზღვრები გაუხსნა, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ელჩმა თავის მხრივ დასძინა, რომ მოხარულია, საქართველო ლიეტუვის მოქალაქეებისთვის ხსნის საზღვრებს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება საქართველოში ლიეტუველი ტურისტების ნაკადის ზრდაზე.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.