მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„20 ივნისს წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე დაზიანებები თავიდან აგვეცილებინა“ - სუბარი

სოზარ სუბარი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.

„ეს იყო შტურმი პარლამენტზე. ეს იყო თავდასხმა კანონის დამცველებზე. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით როგორ სცემდნენ პოლიციელებს, სხვადასხვა საგნებით, როგორ იტაცებდნენ მათ პირდაპირ რიგებიდან და როგორ იყო მცდელობა შეჭრილიყვნენ პარლამენტში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში მოქალაქეების მძიმე დაზიანება თავიდან იქნებოდა აცილებული.

„რაც შეეხება სწორად იყო თუ არა დაგეგმილი. მეც და საზოგადოებასაც დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, მაგალითად, რატო არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს ახლა სპეციალისტების შესაფასებლად დავტოვოთ.

მე პირადად, მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენების შედეგად შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა ის მძიმე დაზიანებები, რაც მოსახლეობის წევრებმა მიიღეს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 20-21 ივნისს 275 პირი დაზარალდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი.

მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს.

დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.