მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ უნდა დავემსგავსოთ ვინმეს, ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ“ - გიორგი გახარია

გახარია წალენჯიხაში

გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისები სამეგრელოში - წალენჯიხასა და ჯვარში გახსნა და მოსახლეობას შეხვდა.

მან საქართველოს რეგიონებში არსებულ სიღარიბესა და გაჭირვებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი დაძლევადია - თუმცა შრომით. გახარიამ აღნიშნა, რომ ცრუ დაპირებებს, ის არ გასცემს.

„რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ საქართველოს სახელმწიფოს მომავლისთვის. ყველა ვხედავთ, რომ დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება - ეს ძლიერი სახელმწიფოა. ამის გარეშე ვერ დავიცავთ ვერაფერს - ვერც ჩვენს გლეხს, ვერც ჩვენს შრომას, ვერც ჩვენ კულტურას, ვერც ჩვენ რელიგიას და ვერც ჩვენ ტრადიციებს. ყველაზე უფრო ჩემთვის რაც არის მიუღებელი, ეს არის სუსტი სახელმწიფო. სანამ არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, სანამ კანონი არ იკანონებს ყველასთვის, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტურიზმი, არაფერი ეს არ იქნება.

ეს ქაოსი უნდა დასრულდეს - ოღონდ ეს უნდა გავაკეთოთ არა ომით, ლანძღვით, კინკლაობით და ცირკის მოწყობით, არამედ შრომით. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვაჩვენოთ მაგალითი, როგორ შენდება ძლიერი სახელმწიფო.

მთავარია ღირსება არ დაგვავიწყდეს, ვიყოთ კეთილსინდისიერები და ვიყოთ კარგი პროფესიონალები. ჩვენ გვამოძრავებს მიზანი, თითოეულ თქვენგანთან ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

„ამ ქვეყანაში ყველა დაპირება უკვე გაცემულია - ზოგი გაცემულია უკვე მეორედ, მესამედ და მე არ მინდა ასე გაგრძელდეს. იმდენი რამეა გასაკეთებელი, რაც ყველამ ზეპირად იცის, თქვენც იცით და მეც ვიცი.

დარწმუნებული ვარ, რომ ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით ჩვენ ძალიან სწრაფად შევცვლით ბევრ რაღაცას. ტყუილი დაპირებები არის ყველაზე მიუღებელი.

მე რომ გითხრათ, ერთ თვეში და ორ თვეში აქ ყველაფერი გამოსწორდება, რა თქმა უნდა ასე არ იქნება. მაგრამ ჩვენი მიზანია რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და გვქონდეს იმის იმედი, რომ ხვალინდელი ჩვენი ცხოვრება და ყოფა იქნება უკეთესი ვიდრე დღეს. და ამას უნდა ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ, მაგრამ ამას უნდა ხედავდეს და გრძნობდეს 5% კი არა - თითოეული მოქალაქე - სამართლიანობა ამიტომ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი.“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა

მან ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი ქვეყნის მშენებლობა რეგიონებიდან იწყება. „ძლიერი სახელმწიფო ყველას რომ გვესმოდეს შენდება რეგიონიდან. აქედან იწყება ძლიერი საქართველო. ჩათვალეთ, რომ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს ერთად დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა!“ - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ხალხს ჯობია უთხრა მწარე სიმართლე და არ დაჰპირდე ის, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ“ - გიორგი გახარია

✅„ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით“ - გიორგი გახარია

✅გიორგი გახარია მერის კანდიდატზე: ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი