მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეთანხმება რომელსაც ხელს 115 დეპუტატი აწერდა, მართლაც გაუქმდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 115-დან 84 დეპუტატი უმრავლესობის წევრია - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე

„შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, ისე, რომ ბოლოს ამან ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება„, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, რამაც ბოლოს ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს და ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას ამ დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი:

„შეთანხმება რომელსაც ხელს აწერდა 115 დეპუტატი, მართლაც გაუქმდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 115-დან 84 დეპუტატი უმრავლესობის წევრია. ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს და ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას(!) ამ დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი. მეტიც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯები, არამედ ამ დოკუმენტის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად შეეცადა პროცესების რადიკალიზაციას, გაზარდა დაპირისპირების დონე და სრულად ჩართო დეზინფორმაციის მანქანა. შესაბამისად, ბუნებრივია მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა, არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვეტია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და შემდგომმა პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა, რომელიც პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებით დასრულდა, უზრუნველყო პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობა და წერტილი დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიას ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“ მომავალზეა ორიენტირებული და საზოგადოების მხარდაჭერით, მზად არის კიდევ ერთი გამარჯვებისთვის“, – აცხადებს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც გამჭვირვალედ, გაუმჯობესებული რეგულაციებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩაატარებენ.

„შედეგად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით 1 თვეში, რადიკალური ძალების დღის წესრიგი ამოიწურება, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, მოიპოვოს სიმშვიდე და ხელისუფლების ეფექტური მუშაობით, მოქალაქეთა ჩართულობით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გადავიდეს განვითარების ნორმალურ რეჟიმში“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ინფორმაციისთვის, 28 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

🔴 „შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

🔴 „ქართულმა ოცნებამ“ თავი მოჭრა საქართველოს“

🔴 „აშშ გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით“ - საელჩოს განცხადება