მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ნათქვამი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ, სასწრაფოდ და მშვიდობიანი გზით მოაგვარონ ეს ინციდენტი. აზერბაიჯანს კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებულები. აზერბაიჯანს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვახსენებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის არადემარკირებულ ნაწილში ნებისმიერ გადაადგილებას განიხილავს პროვოკაციულად.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალის გამოყენებას საზღვრის დემარკაციისთვის და მოვუწოდეთ ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს და შეწყვიტონ არადემარკირებულ საზღვარზე სამხედრო გამაგრება და ნაღმების განთავსება. სპეციფიკურად მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, გადაიყვანოს ძალები 11 მაისამდე პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ სომხეთს გადაიყვანოს ძალები 11 მაისამდე პოზიციებზე და მივესალმებით განცხადებებს, რომელშიც ამაზეა საუბარი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ მხარეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდის ქვეშ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად.

ცნობისთვის, სააგენტო „არმენპრესმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის გეგარკუნიკის ოლქში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც მათ აზერბაიჯანელებმა ალყა შემოარტყეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ტყვედ აყვანილი სამხედროების დასაბრუნებლად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებული სომეხი სამხედროები აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. ბაქო ერევანს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

ასევე აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ საზღვართან სომხეთის ტექნიკის და ცოცხალი ძალის კონცენტრაცია შეინიშნება.