მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: თითქმის 30 წელია, ჩვენი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Pia.ge

„მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედი ფონდისთვის, ერთადერთი პირობით - არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანამდევი დადებითი პროცესები უნდა მოყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ აქტივების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე საერთაშორისო ბიზნეს მედიის, მათ შორის ფორბსის და ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმად, მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს არის საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემები და მისთვის არ არის ცნობილი, ბოლო წლებში როგორ ითვლიან.

„ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია. ფორბსთან, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg–ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, აქტიური ბიზნეს საქმიანობა, პოლიტიკაში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაასრულა, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ მისცა „ვედომოსტს“.

„საქმიანი პრესის წარმომადგენელს კარგად მოგეხსენებათ, რომ არცერთ, არც მცირე და არც დიდ ბიზნესში, მოგების ნახვა, თუ სრულფასოვნად არ ხარ ჩართული მის ადმინისტრირებაში, უბრალოდ შეუძლებელია. ბევრი ფიქრობს, რომ დიდ ბიზნესს სხვა მიდგომები სჭირდება, ხოლო მცირეს - სხვა. არადა, მიდგომებში განსხვავება თითქმის არ არსებობს. თუ ყოველდღიურად არ ხარ ჩართული რისკების შეფასებაში, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, არ აკვირდები ბაზრის სპეციფიკას, ტრენდებს, არ იღებ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ასე, ფაკულტატურად ნაკეთები ბიზნესიდან, მხოლოდ წაგება შეიძლება ნახო. ეს აქსიომაა და ნებისმიერი ბიზნესმენი დამეთანხმება ამაში. სხვაზე მიბარებულ ფულს კი, ხშირ შემთხვევაში, რა ემართება, ამაზე, ჩემი და უმსხვილესი შვეიცარული, თითქმის უმწიკვლო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბანკის სკანდალური ისტორიაც კარგად მეტყველებს. მაგრად უნდა გაგიმართლოს, დანაკარგებს თუ აცდი. შესაბამისად, ჩემი კაპიტალი ამ წლების განმავლობაში თეორიულადაც ვერ გაიზრდებოდა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას.

ამის მაგალითად მას სასტუმრო „პარაგრაფი“ მოჰყავს, რომლის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს.

„3 მილიარდი დოლარი, როგორც თავად აღნიშნეთ, საჯაროდ დადასტურებული ინფორმაციით, ფონდმა „ქართუმ“ დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში. თუმცა, ჩვენ ოჯახს წილად ხვდა კიდევ ერთი საპატიო მისია, რომლის თაობაზე საჯაროდ არასოდეს გვისაუბრია და თქვენი ეს კითხვა რომ არა, შესაძლოა, არც არასდროს გვესაუბრა. თითქმის 30 წელია, ჩვენი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს. მოგეხსენებათ, უმუშევრობის, გამართული სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, მითუმეტეს, უფრო ადრეულ წლებში, რა ტიპის გადაულახავ პრობლემებს აწყდებოდა ეს ხალხი, ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, საცხოვრისის თუ ელემენტარული საარსებო პირობებით დამთავრებული. ჩვენ, რასაკვირველია შეგვეძლო, ეს ხარჯი საქველმოქმედო ფონდის გავლით გაგვეღო, კანონმდებლობა ამას არ კრძალავდა, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ფონდს ეს ხარჯი არ შეხებოდა. არ მსურდა, საზოგადო მიზნებისთვის აკუმულირებული თანხების ხარჯვის პროცესში სუბიექტური ფაქტორი გაჩენილიყო, თუნდაც ფონდის დამფუძნებლის და ერთადერთი შემომწირველის მხრიდან. ფონდს აქვს მკაცრად დადგენილი საწესდებო კრიტერიუმები, რომლებსაც სკურპულოზურად იცავს. ფონდს აქვს რეპუტაცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა შებღალულიყო და გამონაკლისები არ უნდა დაეშვა. ეს დამატებითი თამასა ჩვენ თვითონ დავუწესეთ საკუთარ თავს, ხარჯი ფონდს არ შევახეთ და მას ცალკე ხაზით ვახორციელებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ საკმაოდ მოცულობით ხარჯს თუ დავუმატებთ იმ ფინანსურ რესურსს, რაც პოლიტიკაზე დაიხარჯა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, რომლებსაც თქვენ „სოციალური მეწარმეობა“ უწოდეთ და რომლებიც ფონდის განკარგულებაში უკვე გადავიდა, ეს ხარჯი, ჯამურად, დაახლოებით, მილიარდ დოლარს შეადგენს. უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს ხარჯი კლასიკურ ქველმოქმედებად, ამის განხილვაში არ შევალ, ალბათ უფრო არა, ვიდრე კი, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას. თვალსაჩინოებისთვის სასტუმრო „პარაგრაფი“ კარგი მაგალითია. მის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს. ამიტომ საქველმოქმედო ფონდი ამ ობიექტს საკუთარ აქტივად სწორედ საბაზრო და არა საინვესტიციო ღირებულებით მიითვლის, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ ორჯერ აღემატება ამჟამინდელ სარეალიზაციო ფასს. დაახლოებით ამავე მასშტაბის დისპროპორცია იკვეთება „პანორამას“ პროექტში, აქაც, ჩადებული ინვესტიცია ორჯერ აღემატება მის დღევანდელ საბაზრო ფასს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი კი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდა და რომლის მშენებლობის გამოც ლამის კაცობრიობის მტრად გამომაცხადეს, კომერციულ პროექტად იმთავითვე არ განიხილებოდა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მის განკარგულებაში კაპიტალის სახით მილიარდნახევარი დოლარი რჩება? ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

„უხეში დათვლით, ასე გამოდის. მისი ერთი ნაწილი 30-31 დეკემბერს უკვე მიიმართა საქველმოქმედო ფონდში და ასახულია იმ სიაში, რომელიც თქვენ მოიპოვეთ და რომლის გამოქვეყნებასაც ამ ინტერვიუსთან ერთად გეგმავთ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა ბიზნეს-პროექტებს და ამ პროექტებში განთავსებულ, ნარჩენ კაპიტალს, როდესაც ამ აქტივებს, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, საკრედიტო თუ სხვა სახის, ბიზნესურთიერთობებისთვის დამახასიათებელი, ტვირთისგან გამოვათავისუფლებთ, ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს, ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასავე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა.