მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“ - კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 100 ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხა და მას მოღალატე უწოდა.

კობახიძის თქმით, გახარიას პარტია „აუცილებლად დაიშლება და მოიშლება“.

„რა თქმა უნდა გახარიას, მოღალატის პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია, მაგრამ რაც შეეხება თვითონ მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება. ჩვენ ვაანონსებდით არჩევნების შემდეგ, ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას.

იცით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მეორე დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 100 ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მან ყველაზე კარგად იცის რომ მოღალატეა და შესაბამისად პირველ, რიგში თავის თავს ემალება ამ არ გამოჩენით“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.