მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ქვეყანას ბოროტებით, ცეცხლით და მახვილით მართავს“ - თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი Pia.ge

„ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიაში იმარჯვებს ის, ვისაც მეტი ხმა აქვს.

პირველი ტურის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ არა ერთ ადგილას აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს კვლავ უმრავლესობა, რაც ამდენი წელი ხელისუფლებაში ჰყოფნის შემდეგ ადვილი არ არის. ბოროტმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის თავზე ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ კი ეს შევძელით. იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ. კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით მართავს და, რომელიც ცეცხლით და მახვილით მართავს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არც ერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც, იმას გვაფიქრებინებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა ქვეყნის განვითარება, არამედ ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა სურს. ეს ყველაფერი არის პირიქით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.