მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები“ - პრეზიდენტი

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები“

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა.

„გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან! ამ გაიგივებაში ჩემი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე, არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ... არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების მოდელს და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია. მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისაგან ჩვენს დაშორებას ემსახურება... და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესებშია.

აქაც, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს, რამე თუ ვერავინ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ეს ყველას ეხება! ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები.

იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ იმისათვის, რომ ქვეყნის სახე შელახონ ან თუნდაც მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა.

დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამე თუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ... ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას.

ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ.

ამიტომ მიმაჩნია, და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამე თუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.