მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს შეხვდა

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ზალკალიანმა აბდულა შაჰიდს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა.

„შეხვედრაზე განხილული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის დღის წესრიგი. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პრიორიტეტები გენერალური ასამბლეის 76-ე სესიასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და გაეროს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.