მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალურ მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაზე

მიმდინარე წლის 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს, მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივანი, თომას გარეტი ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, 22 ივნისს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა კოალიციის გენერალურ მდივანთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა თომას გარეტს საქართველოში ვიზიტისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა კოალიციის ფარგლებში საქართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობით, კოალიციის სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიერ განსახორციელებელი აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს ჯგუფის წევრ ქვეყნებში არსებული დადებითი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და კარგი პრაქტიკების შესწავლას.

დავით ზალკალიანმა კოალიციის გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რუსეთის მხრიდან მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებს, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის, ე.წ. „ბორდერიზაციის“, უკანონო დაკავებების, გატაცებებისა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეში დარღვევის ფაქტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

„მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველო, როგორც დემოკრატიული განვითარების მდგრადობის კუთხით გამორჩეული ქვეყანა, მთავრობათაშორისი კოალიციის პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, 2019 წლის ოქტომბერში მიწვეულ იქნა კოალიციის მმართველი საბჭოს წევრად. მმართველ საბჭოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მთავრობათაშორისი კოალიციის მიერ 2019 წელს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველ საბჭოში საქართველოს მიღება იმ ხელშესახები პროგრესის შედეგია, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ეს ასახულია კონკრეტულ სარეიტინგო მაჩვენებლებში, მათ შორის, ფუნდამენტური უფლებების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების საკითხში.

გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, დემოკრატიული პროცესების განმტკიცების კუთხით, ქვეყნის წინსვლის დადასტურებაა. გენერალურ მდივანს ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს და საკუთარი თვალით იხილოს საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე მიღწეული შედეგები“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კოალიციის გენერალური მდივნის შეხვედრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან. ვიზიტის ფარგლებში თომას გარეტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, რათა პირადად გაეცნოს იქ არსებულ სავალალო ვითარებას.