მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ჩავალ რუსეთში რათა ჩემი ქვეყნის ინტერესი დავიცვა“ - ირმა ინაშვილი

ინაშვილი ირმა, პატრიოტები

„უნდა ვიხელმძღვანელოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია არამტრული რეჟიმი რუსეთთან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. დიახ, მზად ვართ, რომ დიალოგი იყოს ჩვენს დონეზე. ამ წერილს ხელს ძალიან გავლენიანი ხალხი აწერს. თუ მკითხავთ, ჩავალ თუ არა მოსკოვში და მივიღებ თუ არა მონაწილეობას სხვადასხვა ფორმატში, გეტყვით, დიახ, ჩავალ, შევხვდები დეპუტატებს და სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამას გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი დავიცვა რუსეთთან.

ხელისუფლება უნდა საუბრობდეს, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, სახელმწიფოსთვის სასარგებლო პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ეს წერილშიც არის ნათქვამი, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი არ აინტერესებთ, გარდა ერთმანეთთან შეხმატკბილებისა და თანაარსებობისა, ძალაუფლების გადანაწილებისა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო მძიმე გამოწვევების წინაშეა და უნდა ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად.

„ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, პლატფორმაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მისაღები. ვლაპარაკობთ სამხედრო მიუმხრობლობის მოდელზე, შემუშავდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის ფორმატი. გეზი ეს უნდა იყოს, ის კი არა, რომ გადავარდნილი ვართ უტოპიურ მოლოდინში, რომ ნატო ოდესმე მიგვიღებს, არ გვიღებს, ამ დროს. არ აქვს ალტერნატივა დიალოგს.

უნდა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები სოხუმთან და ცხინვალთან. საქართველოში არავის აინტერესებს ეს საკითხი. საქართველოს პარლამენტს ერთი სხდომა არ მიუძღვნია სოხუმისა და ცხინვალის თემისთვის“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

როგორც ინაშვილი აღნიშნავს, ქვეყნის ქმედებები უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული, მშვიდი, გონივრული, კონსტრუქციული და, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის სასარგებლო.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსი“ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების განსამუხტად მიმართავს. წერილს, ხელს 42 ადამიანი აწერს.