მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთი თაობის დროს თქვენს საზოგადოებასა და ევროკავშირს შორის მანძილი უპრეცედენტოდ შემცირდა“ - შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებასა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიისთვის და სტაბილურობისთვის.

„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე 30 წელია, დამოუკიდებელი არიან. ერთი თაობა, რომელმაც ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიაღწია წინსვლას, ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე, და ეს არ ყოფილა იოლი გზა. ეს სულისკვეთება მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, აგრესიის, გამოწვევების ფონზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას…ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებასა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთვის, და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგებლოდ“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში იმართება, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.