მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარიას ქმედებებმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია - ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე გიორგი გახარია Pia.ge

„გახარიას მოქმედებას გაუგებრობის ხარისხით მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრობის პოსტის დატოვებას პოლიტიკურ დანაშაულს უწოდებს:

„მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი“, - აღნიშნავს ივანიშვილი.

მისივე თქმით, გახარიამ თავისი ქმედებით საკუთარ გუნდს უღალატა, რამაც მასში მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია:

„თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე:

🔴 „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

🔴 შევიტყვე ხმების შესახებ, რომ თითქოს გახარიას პარტია ჩემი „პროექტია“ - ბიძინა ივანიშვილი

🔴 „ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი