მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარიას წასვლა მისთვის უფრო საზიანოა“ - თეა წულუკიანი

„ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს გამოეხმაურა. 

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გახარიას თანამდებობიდან წასვლა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის არასასიკეთოა.

„როდესაც მე ავად ვიყავი ბატონი გიორგი გახარია გადადგა. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია მისთვის პირადად,არის ის, რომ გიორგი გახარიასთვის მისივე ეს გადაწყვეტილება საზიანოა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხსაც გამოეხმაურა.

წულუკიანი ამბობს, რომ მელიას ციხეში ყოფნა როგორც ინსტრუმენტი მის პოლიტიკურ გარემოცვას აწყობს.

„პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით მშვიდობიანად ჩაატარა ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება. ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოს პიროვნებას ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს, როგორც არ უნდა ეგონოს მას ეს. ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა.

ასევე დასანანია, რომ მას გარშემო არ აღმოაჩნდა გარემოცვაში ის ადამიანები ვინც სწორ რჩევას მისცემდნენ. იმიტომ რომ რეალურად მის პოლიტიკურ გარემოცვას სამწუხაროდ აწყობს ნიკა მელია ციხეში როგორც ინსტრუმენტი“, - დასძინა თეა წულუკიანმა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.