მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ჩვენი სასამართლო საბჭოთა „ტროიკების“ სამართალმემკვიდრეა

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია

„ჩვენ ფაქტობრივად ერთადერთი მოსამართლე გვყავდა, მე ილია ჭავჭავაძის გარდა ამ ქვეყანაში მოსამართლე, არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ის პროფესიით და მოწოდებით მოსამართლეა, თუმცა მას ამის საშუალებამ სახელმწიფომ არ მისცა.

ხვიჩიას თქმით, დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სისტემის სამართალმემკვიდრეა. ოპოზიციონერის დეპუტატის განცხადებით, ბევრი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში ხდება სწორედ, რომ მართლმსაჯულებას უკავშირდება.

„დღეს მინდა ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო. პროფესიაზე, რომლითაც არასოდეს მომეცა მუშაობის საშუალება. ვერ ვიმუშავე იმიტომ რომ ამ ქვეყანამ ჩემი პროფესია წამართვა. სასამართლოზე და მოსამართლეობაზე ვსაუბრობ. მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა და ადამიანთა კონფლიქტების მოგვარება მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა და საზოგადოების კონფლიქტების აღმოსაფხვრელად და შესამცირებლად.

ჩვენ შეიძლება ყველას იმედი გვქონოდა დაწყებული შუა საუკუნეებიდან, მეფის, ამირსპარსალარის, თანამედროვე დროში მაჟორიტარის ან რაიკომის მდივნის, პრეზიდენტის, მაგრამ არასოდეს გვქონია მოსამართლის იმედი. ჩვენ ფაქტობრივად ერთადერთი მოსამართლე გვყავდა, მე ილია ჭავჭავაძის გარდა ამ ქვეყანაში მოსამართლე, არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა.

შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს და მოსამართლეებს ადამიანები დაეცვათ მთავარი შეცდომა დავუშვით, მართლმსაჯულების განხორციელება კომუნისტების მონებს მივანდეთ. საბჭოთა მოსამართლეები მონები იყვნენ, კლოუნი მონები, რომლებიც ადამიანთა ინტერესებს კი არ ითვალისწინებდნენ ან ადამიანებს კი არ იცავდნენ სისტემისგან, არამედ სისტემას იცავდნენ ადამიანებისგან.

ამ სასამართლოს ხელით ჩავიდინეთ ყველაზე სამარცხვინო დანაშაულები, რაც ჩაუდენია საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთის წინააღმდეგ და მაინც ვერაფერი ვისწავლეთ. დღევანდელი სასამართლო რაც გვაქვს, საბჭოთა სასამართლოს მემკვიდრეა, საბჭოთა „ტროიკების“ სამართალმემკვიდრეა, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა მტყუან-მართლის გარჩევა. უბრალოდ აინტერესებდა როგორ დაეცვა სისტემა ისე, რომ ეს სიმართლედ გამოჩენილიყო.

ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ვაგრძელებთ, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრები თითქოს არაფერი ხდებოდეს ჩვენ თავს, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანი არ არსებობს, რომელიც დაცულია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რამე რომ შეიცვალოს ზუსტად ის დაგვემართება ყველას, რაც ნიკა მელიას დაემართა, მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის წევრი იყო.

აქ დარბაზში მსხდომ ხალხსაც კი არ აქვს იმის უნარი, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა დაიცვას, მაშინ როდესაც ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს. ჩვენ ვატყუებთ ყველას, მათ შორის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ისევე როგორც მე მომატყუა ჩემმა სახელმწიფომ, რომ თითქოს ამ ქვეყანაში მოსამართლეობა შეიძლებოდა. ჩვენ ვამზადებთ პროფესიისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არაფერს ვაკეთებთ ამ საკითხის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მიმართა.

„ხვალ სხდომაა, სასამართლო ირჩევს ახალ წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში, ირჩევს არა ადამიანთა უფლებების დასაცავად, არამედ ირჩევს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამყარდეს სისტემა ადამიანთა მიმართებით.

ყველა პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენ გვაწუხებს და რაზედაც ვსაუბრობთ დაწყებული „ნამახვანჰესით“ სასამართლოს ბრალია, იმიტომ რომ მტყუან-მართლის გამრჩევი ორგანო არ გვაქვს და ამ ადამიანებმა არ იციან სად გაარჩიონ მტყუან-მართალი.

კოვიდდიქტატურაც სასამართლოს ბრალია, იმიტომ რომ ადამიანებმა არ იციან სად წავიდნენ, მაშინ როდესაც სრულიად უმიზეზოდ 21:00 საათის შემდეგ სახლში ვერ მიდიან და ასე შემდეგ. რამდენ ხანს ვაპირებთ ასე გაგრძელებას? ხომ გვესმის, რომ ეს სასამართლო ყველას შეგვეხება და ვერავინ დავემალებით, იმის გამო რომ ქვეყანაში საყოველთაო უსამართლობა სუფევს.

ამ ქვეყნის მოსახლეობა არ არის დაცული, ბიზნესმენები შემოდიან პარლამენტში იმიტომ რომ იმუნიტეტი ჰქონდეთ, თორემ ამ ხალხს რა საქმე აქვს საქართველოს პარლამენტში. სხვაგან უნდა მუშაობდნენ. ეს იმუნიტეტიც ნიკა მელიას საქმეზე განადგურდა“, - დასძინა იაგო ხვიჩიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „რას აკეთებთ აქ? რისთვის გიხდით ქართველი ხალხი ხელფასს?“ - სალომე სამადაშვილი პარლამენტარებს

✔️ „ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც, რომ არ დაზიანდეს შეთანხმება“ - ლევან იოსელიანი

✔️ „როგორ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ პირამოკერილ, მოშიმშილე ადამიანებთან მისულიყავით?“ - ვაშაძე უმრავლესობას