მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იენს სტოლტენბერგი: ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და საქართველოსთან თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება

ნატო-ს გენერალური მდივანი

„ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს პირველი არხის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, 2030 წლისთვის, ადაპტირებული ალიანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და ნატოს მედეგობის განმტკიცება იქნება.

„ცხადია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსად, მაგრამ გვჭირდება გლობალური მიდგომა, რადგან ბევრი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ვდგავართ არის გლობალური. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის ჩინეთის გაძლიერება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი გვიახლოვდება. ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ნატოს ქვეყნებში, ასევე ევროპაში და შავი ზღვის რეგიონშიც. შავ ზღვის რეგიონში კი მდებარეობს ნატოს სამი ქვეყანა და ორი პარტნიორი – საქართველო და უკრაინა.

ნატო აცნობიერებს მდგრადობის მნიშვნელობას, აცნობიერებს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას. ნატო განაგრძობს ადაპტაციას და ინფრასტრუქტურის დაცვა ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ცხადია, ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ მდგრადობა და პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობის მნიშვნელობა, იქნება ჩემი წინადადების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ნატოს წევრ სახელმწიფოების ლიდერებს წარვუდგენ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.