მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი ენმ-ს: კონკრეტული საკითხების გადაწყვეტილებაში თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა არა ბელეტრისტიკით, არამედ რეალურად საქმით

ჩიქოვანი

„ბევრი საუბარი მოვისმინე იმაზე, თუ როგორ მიესალმებიან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, მე არ მივესალმები იმას რომ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია ყურით ატარა და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა“, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა: „შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა ძალამ, დაიცვან ის და იმუშაონ ყველასთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის სულისკვეთება, რომელზეც საუბრობს შარლ მიშელის დოკუმენტი და საუბრობს ყველა ჩვენი პარტნიორი“

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მზაობა გამოხატა და თანამშრომლობს ყველასთან და ასევე თანამშრომლობისკენ მოუწოდა ოპოზიციას.

„ვსაუბრობთ იმაზე რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. დიახ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან და ამისთვის მზაობა გამოვხატეთ, მაგრამ ითანამშრომლეთ ისე რომ თქვენც გქონდეთ კონკრეტული წინადადებები. შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პასუხისმგებლობა თქვენი წარმოდგენით, სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაზეა.

ეს ასე არ არის. არ შეიძლება და ვერ მოხდება ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცალ კარში ითამაშოთ. თქვენც გჭირდებათ პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანი რეფორმები ერთად უნდა გავატაროთ. ამ თანამონაწილეობაში ვგულისხმობთ იმას, რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტილებაში არა ბელეტრისტიკით არამედ რეალურად საქმით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.