მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება შეთანხმების მოკლე ვადაში მისაღწევად მზად არის

დანიელსონი

„ხელისუფლება კვლავაც მზად არის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგისა და შესაბამისი შეთანხმების მოკლე ვადაში მიღწევისთვის“,- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზაობა მმართველი გუნდის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისა და შეთანხმების მოკლე დროში მიღწევის შესახებ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება. ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს“,- განაცხადა მან.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა - ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილების მისაღებად.

🔶როგორც შვედმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

🔶კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეიდან განახლდება.