მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე გახარიაზე - საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა მისგან, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ძალიან სამწუხაროა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ექსპრემიერი გიორგი გახარია Pia.ge

„ამხელა მხარდაჭერა არცერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია ბოლო წლების განმავლობაში, გიორგი გახარიას რომ ჰქონდა. მთელი გუნდი იდგა მის გვერდით, მისი იმიჯის გაუმჯობესებაზე, პოლიტიკურად მის გვერდში დგომაზე ვზრუნავდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გადადგომამდე გიორგი გახარია პასიური იყო.

„ვიდრე ის გადადგებოდა ცოტა პასიური იყო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იანვარ-თებერვალში. მახსოვს, მე და კახი კალაძე რომ შევხვდით, ვუთხარით, რომ მეტი აქტიურობა იყოს მისგან საჭირო, მეტი მოტივაცია და ბოლომდე დავუდგებოდით გვერდში. ეს იყო ჩვენი გზავნილი. თუმცა, სამწუხაროდ მან ეს ყველაფერი ვერ დააფასა, არ დამიფასა მე, არც კახი კალაძეს დაუფასა, არც მთლიანად გუნდს დაუფასა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა მისგან, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ კობახიძე ყოფილიყო სამიზნე, ბევრად უფრო ადრე მიიღეს.

„გადაწყვეტილება ჰქონდათ მათ მიღებული ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მე დავიწყებდი საუბარს, ანუ ერთი შეხედვით ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შედეგი, რომ მე დავიწყე პირველად საუბარი 17-18 თებერვლის მოვლენებზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება, რომ მე უნდა ვყოფილიყავი მთავარი სამიზნე მათ ბევრად უფრო ადრე მიიღეს. არ ვიცი პარტიის თავმჯდომარე მე ვარ, ალბათ ამიტომ. როდესაც იანვარში სიუჟეტი გავრცელდა, რეალურად ურთიერთობაში არავითარი ბზარი არ არსებობდა, პირიქით ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც მე და კახი კალაძე შევხვდით გახარიას და მის გამაგრებაზე ვსაუბრობდით. არავითარი ბზარი არ არსებობდა იმ პერიოდში, თუმცა როგორც ჩანს ის სიუჟეტები რაღაცებს ემსახურებოდა, რაც მერე ჩვენ ვიხილეთ 17-18 თებერვალს, უკვე გახარიას მხრიდან, თორემ რეალურად ჩვენს ურთიერთობებში არავითარი ბზარი არ არსებობდა იანვარში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.