მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, თან მაგარი სიმსუბუქით“ - გიგი უგულავას წერილი მიხეილ სააკაშვილს

გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი

ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში მხარდამჭერ წერილს უგზავნის.

როგორც უგულავა წერილში აღნიშნავს, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა, რითაც გაკვირვებული და აღფრთოვანებულია.

„მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო.

ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლიზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.

მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მანდედან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მეჩხირება ყელში ბრაზისგან.

დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს აბა შენ იცი ,იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს“, - წერს გიგი უგულავა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი