მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კახიშვილი: ჩვენ მოვლენის კი არა, დანაშაულის ამნისტირებას ვახდენთ, აუცილებელია, მათ შორის კავშირი დადგინდეს

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ამნისტია კონკრეტულ დანაშაულს უნდა შეეხოს და არა მოვლენას. ამის შესახებ დეპუტატმა კახა კახიშვილმა, დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე აუცილებელია, დადგინდეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა დანაშაულს კონკრეტულ მოვლენასთან კავშირი და მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდეს მასზე ამნისტია.

კახა კახიშივილი მიიჩნევს, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მუხლები, რომლებიც ამნისტირებული იქნება, ასევე დაზუსტდეს დანაშაულის ჩადენის ლოკაციასთან, მოტივთან და შინაარსთან დაკავშირებული საკითხები. „უნდა ჩამოვწეროთ მუხლები, კონკრეტულად რომელ მუხლს ეხება, რომელს არ ეხება, ან მუხლის ნაწილს, ჩადენილი დანაშაულის ტერიტორიას და შინაარსს. გარდა ამისა, ასევე, შეგვიძლია, უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ამნისტია არ ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საკითხები სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული და მხოლოდ ზოგად პრინციპებზე საუბარი იურიდიული ტექნიკიდან გამომდინარე სწორი არ იქნება.

მისი განმარტებით, გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ ახლა მსჯელობა ოფიციალურად უკვე რეგისტრირებულ დანაშაულზე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდეს დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ დროისთვის დარეგისტრირებული არ არის, რომლის შესახებაც თავის დროზე არც დაზარალებულს შეუტყობინებია პოლიციისთვის და არც დანაშაულის ჩამდენს. „მაგალითად მოყვანილი იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება]. ისმის კითხვა, თუ აღნიშნულ მუხლს ეხება, ეხება თუ არა მკვლელობის მცდელობას, ვინაიდან ეს მუხლი შესაძლოა, მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდეს. შესაძლებელია, ვიღაცამ ვიღაცას მიაყენა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დაზიანება, არ მიმართეს პოლიციას ან საავადმყოფოს, მკურნალობდა სახლში, შემდგომში გარდაიცვალა და რას ვაკეთებთ მერე? ამიტომ ვფიქრობ, სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ ეს საკითხები, რადგან ჩვენ მოვლენის კი არა, დანაშაულის ამნისტირებას ვახდენთ“, - განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე.