მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა იზრუნოს იძულებით გადაადგილებული პირების ცხოვრების გაუმჯობესებაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა

მსოფლიოში 82 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატავად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნეს და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა იზრუნოს იძულებით გადაადგილებული პირების ცხოვრების გაუმჯობესებასა და საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც აღინიშნება ეს დღე, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გრძელდება ოკუპაცია, გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახები. ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება, რაც ყველაზე მთავარია, ვიბრძოლოთ, რათა მივაღწიოთ იმ სტატუს-კვოს, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერილია.

„გვყავს იძულებით გადაადგილებული ადამიანები, მათ აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და დღეს ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ ის კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, რათა მშვიდობიანი გზით დავასრულოთ ოკუპაცია, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნეს და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.